მუხლი 1. ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება
ხელშეკრულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) გამსესხებელი - შპს „ემას კრედიტი“ (ს/ნ 431946415), ელ. ფოსტის მის: info@emmascredit.ge;
ბ) გამსესხებლის ვებგვერდი - www.emmascredit.ge;
გ) მსესხებელი - ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და რომელზეც გამსესხებელი გასცემს სესხს ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად;
დ) სესხის ხელშეკრულება - გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ელექტრონული ან სტანდარტული ფორმით დადებული ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ, ასევე გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს და რომლის დადებაზე ნების გამოვლენაც მსესხებლის მიერ, მისი შინაარსის გაცნობის შემდგომ, ხდება ელექტრონულად (რაც ავტომატურად უთანაბრდება მსესხებლის ხელმოწერას და მსესხებელი იბოჭება მის მიერ ამ ფორმით გამოვლენილი ნებით).
ე) ხელშეკრულების დადების შეთავაზება (მოწვევა ოფერტზე) - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის
ზ) ოფერტი - მსესხებლის მიერ სესხის განაცხადის შევსება, რითაც დასტურდება მსესხებლის მიერ ამ ხელშეკრულების გაცნობის და გამსესხებლის მიერ შეთავაზებულ პირობებზე დათანხმების ფაქტი;
თ) აქცეპტი - გამსესხებლის მიერ სესხის გაცემის შესახებ საპასუხო ნების გამოვლენა, რაც დასტურდება მსესხებლის მიერ მითითებულ ელექტონული ფოსტის მისამართზე სესხის არსებითი პირობების შესახებ ინფორმაციის გაგზავნითა და მსესხებლის საბანკო ანგარიშზე სესხის თანხის გადარიცხვით.
ი) სესხის თანხა - თანხა, რომელიც ეროვნულ ვალუტაში (ლარში) გაიცემა მსესხებელზე და ექვემდებარება ამ უკანასკნელის მიერ გამსესხებლისათვის დაბრუნებას წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესითა და პირობებით;
კ) პროცენტი - სარგებელი, რომელიც ერიცხება სესხის თანხას და რომლის გამსესხებლისთვის გადახდის ვალდებულებაც (სასყიდლის ფორმით) მსესხებელს წარმოეშობა სესხის ვადის განმავლობაში;
ლ) პირგასამტეხლო - მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომელიც გამოიყენება მსესხებლის მიერ ვალდებულების ჯეროვნად შესრულების უზრუნველსაყოფად და გადაიხდება მსესხებლის მიერ სესხის დაბრუნების ვადის გადაცილების შემთხვევაში;
მ) მსესხებლის საბანკო ანგარიში - მსესხებლის ანგარიშსწორების ანგარიში, რომელსაც უთითებს მსესხებელი სესხის განაცხადის ეტაპზე, რომლიდანაც გამსესხებელი ახორციელებს თანხის მიღებას მსესხებლის იდენტიფიცირების მიზნით, აგრეთვე, რომელზეც გადაირიცხება სესხის თანხა და რომლიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრულ შემთხვევებში გამსესხებელი დამოუკიდებლად უზრუნველყოფს მიმდინარე დავალიანების მიღებას;
ნ) მსესხებლის (სადებიტო) ბარათი - „მასტერ ქარდის“, „American Express ქარდის“ ან „ვიზას“ ტიპის საბანკო ბარათი, რომელიც დაკავშირებულია მსესხებლის საბანკო ანგარიშთან და რომლითაც შესაძლებელია ონლაინ საბანკო ოპერაციების წარმოება;
ო) ბანკი - საქართველოში არსებული კომერციული ბანკი, რომელშიც გახსნილია მსესხებლის საბანკო ანგარიში;
პ) იდენტიფიკაცია - სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდგომ გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (არანაკლებ 1 თეთრი) გადარიცხვა ან/და გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება, რომლის მიზანია მსესხებლისა და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიცირება;
ჟ) მიმდინარე დავალიანება - მსესხებლის მიერ გამსესხებლის წინაშე შესასრულებელი ფულადი ვალდებულება კონკრეტულ დროის შუალედში, რომელიც მოიცავს დაბრუნებას დაქვემდებარებულ სესხის თანხას, დარიცხულ პროცენტს, პირგასამტეხლოსა და ასანაზღაურებელი ხარჯების ჩათვლით;
რ) სესხის დაფარვის დღე - სესხის დაფარვის ვადის ბოლო დღე, როდესაც მსესხებელს წარმოეშობა მიღებული სესხის სრულად (სესხის თანხა, პროცენტი) უკან დაბრუნების ვალდებულება;
ს) სესხის ვადა - გამსესხებლის ვებგვერდზე მითითებული სტანდარტული ვადებიდან ერთ-ერთი, რომელიც მსესხებლის მიერ სასესხო განაცხადის შევსებისას მითითებულია ვებგვერდზე და გამსესხებლის საპასუხო ნების გამოვლენით დადასტურებული;
ტ) გადავადება - გამსესხებლის თანხმობით სესხის ვადის გაგრძელება მსესხებლის მიერ სესხის გაცემის დღიდან სესხის დაბრუნების თარიღამდე პერიოდისათვის (სესხის ვადა) სესხზე რიცხულ სარგებლის სრულად გადახდის შემდგომ;
უ) პერსონალური კოდი - მსესხებლისათვის გამსესხებლის მიერ მინიჭებული უნიკალური კოდი, რომელიც მსესხებლის მიერ გამოიყენება თანხის სწრაფი გადახდის აპარატის (ე.წ. „ფეიბოქსი“) გამოყენებით გადახდის დროს.
მუხლი 2. ზოგადი დებულებები
2.1. სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი ადასტურებს, რომ:
ა) არის ფიზიკური პირი 18-დან 65 წლამდე;
ბ) გააჩნია სრული (შეუზღუდავი) ქმედუნარიანობა, არ იმყოფება ნარკოტიკული, ალკოჰოლური, ფსიქოტროპული ან ტოქსიკური პრეპარატების ზემოქმედების ქვეშ, არ იმყოფება შეცდომის, თაღლითობის, ზეწოლის, მუქარისა ან ნებისმიერი სხვა მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედების ქვეშ და არ წარმოადგენს ძალადობის, მუქარის, მოტყუების, შეცდომაში შეყვანისა თუ სხვა აკრძალული მოქმედების ობიექტს გამსესხებლის ან ნებისმიერი მესამე პირის მხრიდან, სრულად აცნობიერებს საკუთარი ნების გამოვლენის შინაარსს და მისგან გამომდინარე სამართლებრივ შედეგებს;
გ) აქვს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი საქართველოს ტერიტორიაზე და ითვლება საქართველოს რეზიდენტად საქართველოს საგადასახადო კოდექსის შესაბამისად;
დ) არ აქვს შეუსრულებელი ან ვადაგადაცილებული სასესხო ვალდებულებები გამსესხებლის ან/და ნებისმიერი მესამე პირის მიმართ;
ე) არ არის დარეგისტრირებული მოვალეთა რეესტრში;
ვ) არ გააჩნია უარყოფითი საკრედიტო ისტორია და არარსებობს ისეთი ვალდებულებები, რომლებიც უარყოფითად აისახება მის გადახდისუნარიანობაზე;
ზ) გაეცნო ამ ხელშეკრულების პირობებს და ეს პირობები არის მისთვის მისაღები;
თ) მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი არის ზუსტი.
2.2. სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ, სესხის გაცემამდე, გამსესხებელი უფლებამოსილია მოიძიოს/გადაამოწმოს მსესხებლის მიერ მითითებული ან მასთან დაკავშირებული ნებისმიერი, მათ შორის პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, სოციალური ქსელების, საჯარო თუ სამოქალაქო რეესტრის ხელმისაწვდომის მონაცემთა ბაზების გამოყენების გზით), რაზეც მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას. მსესხებელი აცნობიერებს, რომ მცდარი ინფორმაციის მიწოდება შესაძლოა გახდეს სესხის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
2.3. მსესხებელს უნდა გააჩნდეს აქტიური ანგარიში საქართველოში მოქმედ რომელიმე კომერციულ ბანკში.
მუხლი 3. სესხის განაცხადი და სესხის გაცემა
3.1. სესხის მისაღებად მსესხებელი გამსესხებლის ვებგვერდის გამოყენებით ავსებს სესხის განაცხადს, რომელშიც მითითებულია სასურველი სესხის ოდენობა და ვადა. სესხის განაცხადის შევსებით და ველი „ვადასტურებ, რომ გავეცანი emmascredit.ge - ს ხელშეკრულებას და ვეთანხმები მას“ მონიშვნით მსესხებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე ხელშეკრულებისა და გამსესხებლის ვებგვერდზე განთავსებულ სახელშეკრულებო პირობებს, ეს პირობები მისთვის მისაღებია და იგი ავლენს სესხის ხელშეკრულების დადების ნებას ამ პირობებით (აკეთებს ოფერტს).
3.2. სასესხო განაცხადის შევსების შემდგომ ხდება მსესხებლის იდენტიფიკაცია (მსესხებლისა და მისი ანგარიშსწორების ანგარიშის იდენტიფიცირების მიზნით მსესხებელი ახდენს გამსესხებლის ანგარიშზე სიმბოლური თანხის (1 თეთრი) გადარიცხვას ან ხდება გამსესხებლის მიერ ინფორმაციის სხვა საშუალებით გადამოწმება). იმ შემთხვევაში, თუ იდენტიფიკაცია განხორციელდება 1 (ერთი) თეთრის გადარიცხვის მეშვეობით, გამსესხებელი მსესხებელს აღნიშნულ თანხას დაუბრუნებს 1 თეთრის გადმორიცხვიდან 3 (სამი) სამუშაო დღის განმავლობაში, უნაღდო ანგარიშსწორების წესით, გამსესხებლისთვის ცნობილ მსესხებლის საბანკო ანგარიშზე.
3.3. მსესხებლის იდენტიფიცირების და ხელშეკრულების 2.2. მუხლით დადგენილი წესით მსესხებლის შესახებ ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გამსესხებელი იღებს გადაწყვეტილებას სესხის გაცემის თაობაზე. გამსესხებელი უფლებამოსილია, უარი თქვას სესხის გაცემაზე და აცნობოს ამის შესახებ მსესხებელს. გამსესხებელი არ არის ვალდებული დაასაბუთოს სესხის გაცემაზე უარის მიზეზ(ებ)ი.
3.4. გამსესხებელი, სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, მსესხებელს, მის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართზე უგზავნის ინფორმაციას სესხის არსებითი პირობების შესახებ და ახდენს სესხის თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვას. გადარიცხვის მომენტიდან სესხი გაცემულად ითვლება.
3.5. მსესხებელს უფლება აქვს გამოიყენოს სესხი ნებისმიერი კანონიერი მიზნისათვის.
მუხლი 4. გადახდის პირობები
4.1. სესხის თანხა და პროცენტი გადაიხდება სესხის ვადის ბოლო დღეს.
4.2. მსესხებელს აქვს შესაძლებლობა გადახდა აწარმოოს შემდეგო ორი გზით:
4.2.1. სწრაფი გადახდის აპარატის (ე.წ. „ფეიბოქსი“) საშუალებით, რომლის გამოყენების წესებიც მოცემულია გამსესხებლის ვებ-გვერდზე;
4.2.2. გამსესხებლის ვებ-გვერდის მეშვეობით, სადაც, შესაბამის გრაფაში, მსესხებლის ბარათის მონაცემების შეყვანის შემდეგ ავტომატურად ხდება გამსესხებლის სასარგებლოდ თანხის ჩამოჭრა გადასახდელი ოდენობით;
4.3. მსესხებლის ვალდებულება შესრულებულად ითვლება მხოლოდ გადასახდელი თანხის გამსესხებლი ანგარიშზე სრულად და ჯეროვნად ასახვის შემდეგ.
4.4. გადახდები ხდება მხოლოდ სესხის თანხის ვალუტაში (ლარში).
4.5. მსესხებლის მიერ გადახდილი თანხებით პირველ რიგში იფარება დარიცხული პროცენტი, შემდეგ პირგასამტეხლო, ასანაზღაურებელი ხარჯები და ბოლოს სესხის თანხა. თუ გადახდილი თანხები საკმარისი არ არის პროცენტისა და სესხის თანხის დასაფარად, შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დაკისრება და მსესხებელი წინასწარ აცხადებს თანხმობას სესხის დაფარვის ზემოაღნიშნულ რიგითობაზე.
4.6. სესხი დაფარულად ჩაითვლება და სასესხო ურთიერთობა წყდება (ვალდებულების შესრულებით) მსესხებლის მიერ სესხის თანხის, მასზე დარიცხული პროცენტის, პირგასამტეხლოსა და ასანაზღაურებელი ხარჯების შესაბამისი თანხის (არსებობის შემთხვევაში) სრულად ჩარიცხვის შემთხვევაში. თანხის ნაწილობრივი გადახდა არ ითვლება ვალდებულების შესრულებად და შეუსრულებელ ნაწილში გრძელდება პირგასამტეხლოს დარიცხვა.
4.7. მსესხებელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს სესხის ვადაზე ადრე დაბრუნება მთლიანად რა დროსაც მსესხებელი ვალდებულია სესხის დაბრუნებასთან ერთად გადაუხადოს გამსესხებელს სესხის დაბრუნების მომენტისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრული ოდენობით რიცხული სარგებელი. მსესხებელი აგრეთვე უფლებამოსილია ნებისმიერ დროს განახორციელოს სესხის ვადაზე ადრე დაბრუნება ნაწილობრივ, მხოლოდ დაბრუნების მომენტისათვის რიცხულ სარგებელთან ერთად. ასეთ შემთხვევაში პროცენტის დარიცხვა გაგრძელდება მხოლოდ სესხის დარჩენილ ნაწილზე.
4.8. მსესხებელი არ არის ვალდებული აცნობოს გამსესხებელს წერილობით ან სხვა ფორმით სესხის ვადაზე ადრე დაფარვის შესახებ. ასეთი გადახდა ადასტურებს მსესხებლის სურვილს, განახორციელოს სესხის მთლიანად ან ნაწილობრივ ვადაზე ადრე გადახდა.
მუხლი 5. სხვა სესხის მიღება და სესხის ვადის გადავადება
5.1. მიმდინარე სესხის ბოლომდე დაფარვის შემდგომ მსესხებელს აქვს გამსესხებლის ვებგვერდზე მოცემული სხვა (ახალი) სესხის მიღების შესაძლებლობა.
5.2. ახალი სასესხო განაცხადის შევსებით მსესხებელი ეთანხმება სასესხო განაცხადის შევსების დღეს ვებგვერდზე არსებულ პირობებს და აცნობიერებს, რომ ყველა შემდგომ აღებულ სესხზე გავრცელდება წინამდებარე ხელშეკრულების დებულებები.
5.3. მსესხებელს აქვს სესხის ვადის გადავადების შეთავაზების უფლება, ხოლო გამსესხებელს კი გააჩნია შესაბამისი უფლება მიიღოს ან უარყოს მსესხებლის აღნიშნული შეთავაზება. სესხის ვადის გადავადება შესაძლებელია შეუზღუდავი რაოდენობით, გამსესხებლის მიერ სესხის გადავადებისათვის დადგენილი პირობების დაცვით.
5.4. სესხის ვადის გადავადებისათვის მსესხებელი სრულად გადაუხდის გამსესხებელს სესხის გაცემის დღიდან სესხის დაბრუნების თარიღამდე პერიოდისათვის (სესხის ვადა) სესხზე რიცხულ სარგებელს. სესხზე სარგებლის დარიცხვა გრძელდება სესხის გადავადების პერიოდშიც. ამგვარი გადახდის მიღების შემდგომ გამსესხებელი უგზავნის მსესხებელს შეტყობინებას ვადის გადავადების ან მასზე უარის თქმის შესახებ.
5.5. სესხის გადავადებაზე გამსესხებლის უარის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია არაუგვიანეს სესხის დაბრუნების თარიღისა დაუბრუნოს გამსესხებელს სესხი.
5.6. გამსესხებელს უფლება აქვს ცალმხრივად უარი განაცხადოს სესხის ვადის გაგრძელებაზე და აღნიშნულ შემთხვევაში იგი ვალდებული არ არის მსესხებელს განუმარტოს გადავადებისათვის უარის თქმის მიზეზ(ებ)ი.
5.7. სესხზე დარიცხული სარგებლის გადახდით, მსესხებელი ადასტურებს თანხმობას სესხის ხელშეკრულების პირობებზე.
5.8. გამსესხებელი უფლებამოსილია საკუთარი შეხედულებისამებრ მსესხებელს შესთავაზოს სესხის დაფარვის ე.წ. ინდივიდუალური გრაფიკი. თუ მსესხებელი დაეთანხმება აღნიშნულ პირობას, იგი ვალდებულია გადაიხადოს შესაბამისი გადასახდელები. ინდივიდუალური გრაფიკის შეთავაზება წარმოადგენს გამსესხებლის დისკრეციულ უფლებას და არა ვალდებულებას და მსესხებელს არ შეუძლია მოსთხოვოს გამსესხებელს ასეთი უფლების განხორციელება.
5.7. გამსესხებელი უფლებას ანიჭებს მსესხებელს ისარგებლოს სესხის ავტომატური გადავადების უფლებით (სერვისით). ამ უფლებით სარგებლობისათვის აუცილებელია მსესხებელმა თავის პირად გვერდზე მონიშნოს ღილაკი „ავტომატური გადავადების რეჟიმი“. სერვისით სარგებლობის უფლება აქვთ მხოლოდ ვერიფიცირებული ბარათით რეგისტრირებულ მომხმარებლებს. სესხის ვადის განმავლობაში მსესხებელს ნებისმიერ დროს შეუძლია გააუქმოს აღნიშნული სერვისით სარგებლობის უფლება. ავტომატური გადავადების რეჟიმის გააქტიურების პერიოდში, გადახდის დღისათვის გამსესხებელი ავტომატურად ჩამოჭრის მსესხებლის ანგარიშიდან სესხის პროცენტს, საკმარისი თანხის არსებობის შემთხვევაში სესხი ჩაითვლება გადავადებულად. ბარათზე ავტომატური გადავადებისათვის საჭირო თანხის არ აღმოჩენის შემთხვევაში სესხი ჩაითვლება ვადაგადაცილებულად და „ავტომატური გადავადების რეჟიმი“ გაუქმებულად.
მუხლი 6. პასუხისმგებლობა
6.1. მხარეები იღებენ ვალდებულებას აუნაზღაურონ ერთმანეთს მათ მიერ ხელშეკრულების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შედეგად მიყენებული ზიანი (ზარალი) კანონმდებლობით ან/და ხელშეკრულებით დადგენილი წესით.
6.2. ამასთან, მსესხებელი პასუხს აგებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სრულად ან ნაწილობრივ შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით გამსესხებლისთვის მიყენებულ ნებისმიერ პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე (ზარალზე) მთელი თავისი ქონებით. ზიანის (ზარალის) ანაზღაურება მსესხებელს არ ათავისუფლებს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისაგან (გადახდისაგან).
6.2. მსესხებელი ვალდებულია შეასრულოს ხელშეკრულებაში მოცემული ყველა პირობა და სრულიად აცნობიერებს გადახდების შეყოვნებასთან დაკავშირებულ შედეგებს.
6.3. მსესხებელი პასუხს აგებს გამსესხებლის წინაშე ხელშეკრულებაში მოცემული ინფორმაციის სიზუსტეზე და სისრულეზე, ვებგვერდზე დარეგისტრირებისას მითითებული ინფორმაციის სიზუსტეზე, ყველა იმ ინფორმაციის სიზუსტეზე, რომელიც მან გამსესხებელს მიაწოდა ხელშეკრულების დადებისას, დადებამდე ან დადების შემდგომ.
6.4. სესხის ვადის გადაცილების შემთხვევაში მსესხებელს ეკისრება პირგასამტეხლო სესხის დარჩენილი ძირითადი თანხის 0.41% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ვადის გადაცილებისათვის დაკისრებული თანხის გადახდა არ ათავისუფლებს მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებისაგან.
6.5. მხარეები თანხმდებიან, რომ იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელის მიერ სესხისა და მასზე რიცხული სარგებლის გადახდა არ გახორციელდება სესხის დაბრუნების დღის 17:00 საათამდე გამსესხებელი უფლებამოსილი იქნება თავად უზრუნველყოს მსესხებლის ანგარიშიდან თანხის მიღება ხელშერკულების 8.3. მუხლით დადგენილი წესით.
6.6. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებლის მიერ ხელშეკრულების 6.4. მუხლით გათვალისწინებული ვადაგადაცილება 7 კალენდარულ დღეზე მეტხანს გაგრძელდა გამსესხებელი უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება და მიმართოს ხელშეკრულების მე-7 მუხლით დადგენილ ღონისძიებებს ან/და მიმართოს სასამართლოს მე-12 მუხლით დადგენილი წესით.
მუხლი 7. გამსესხებლის ინტერესების დაკმაყოფილება
7.1. მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი რომელიმე ვალდებულების შეუსრულებლობის / არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში გამსესხებელი უფლებამოსილია თავისი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად მიმართოს საქართველოს კანონმდებლობით აუკრძალავ ნებისმიერ ღონისძებას.
7.2. მსესხებლის მიმართ არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით გამსესხებელი უფლებამოსილია მიმართოს როგორც საკუთარ შესაძლებლობების ფარგლებში არსებულ ნებისმიერ ღონისძიებას, აგრეთვე შეუძლია საქმე გადასცეს ნებისმიერ მესამე პირს მიმდინარე დავალიანების ამოღების, ასევე პირადი მონაცემების დამუშავების და ამ მონაცემების საჯარო ბაზაში განთავსების უფლებით.
7.3. გარდა ზემოაღნიშნულისა, მსესხებლის მიმართ არსებული მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით გამსესხებელი უფლებამოსილია შეუზღუდავად (მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილებამდე), მსესხებლის დამატებითი თანხმობისა თუ ნებართვის გარეშე, უზრუნველყოს თანხების მოზიდვა/მიღება მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან, რაზეც მსესხებელი წინასწარვე, ოფერტის გაკეთებითა და ხელშეკრულების 3.1. მუხლით დადგენილი წესით სესხის განაცხადის შევსებით, აცხადებს თანხმობას. ამდენად, გამსესხებლის მოთხოვნის შემთხვევაში ბანკი ვალდებული იქნება მსესხებლის საბანკო ანგარიშიდან გამსესხებლის მოთხოვნილი ოდენობით უზრუნველყოს თანხის გამსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვა, რაც ჩაითვლება მსესხებლის გამსესხებლის მიმართ არსებული დავალიანების ანგარიშში, გადარიცხული თანხის ოდენობით.
7.4. მხარეები თანხმდებიან, რომ გამსესხებლის ინტერესების დაკმაყოფილებლის რომელიმე ან რამდენიმე ღონიძიების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას გამსესხებელი იღებს დამოუკიდებლად, მსესხებელთან შეთანხმების ან მისთვის დამატებითი შეტყობინების გაგზავნის გარეშე.
7.5. გამსესხებლის მიერ ამ მუხლით განსაზღბრული ნებისმიერი ღონისძიებისთვბისათვის გაღებული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მსესხებელს და მისი ამოღება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ამავე მუხლით დადგენილი წესით მოხდება მსესხებლის მიმართ არსებულ მოთხოვნებთან ერთად.
მუხლი 8. კონფიდენციალურობა და პერსონალური მონაცემების დაცვა
8.1. გამსესხებელი უფლებამოსილია დაამუშავოს მსესხებლის მონაცემები (შეგროვება, შენახვა, აღრიცხვა, დარეგისტრირება, გადაცემა და სხვა), ასევე გადასცეს მესამე პირს და მიიღოს მისგან მსესხებელზე ინფორმაცია.
8.2. ამ ხელშეკრულებით მსესხებელი გამსესხებელს ანიჭებს უპირობო უფლებას:
8.2.1. მსესხებლის შესახებ ინფორმაცია მსესხებელთან დამატებითი შეთანხმების გარეშე გადასცეს სს „კრედიტინფო საქართველოს“ (საიდენტიფიკაციო კოდი: 204470740; რეგისტრირებული მთაწმინდა-კრწანისის რაიონული სასამართლოს მიერ 2005 წ. 14 თებერვალს, რეგისტრაციის #06/5-51), რაც იწვევს მსესხებლის აღრიცხვას სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში, რომლის მიზანია ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე მონაცემთა შეგროვება, დამუშავება და გავრცელება, რომელიც დაკავშირებულია გადაუხდელი სესხებისა და სხვა შეუსრულებელი/ვადაგადაცილებული ფულადი ვალდებულებების სტატუსთან და ასევე ინფორმაციის შეგროვება, დამუშავება და გავრცელება ფიზიკური და იურიდიული პირების მიმდინარე და გადახდილი სესხების/ვალდებულებების შესახებ.
გადასაცემი ინფორმაცია, ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე, მოიცავს: მსესხებლის საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მიმდინარე ვალის წარმოშობის საფუძველს, მოცულობას, საკომისიოების ოდენობას, მოქმედების ვადას, მსესხებლის მიერ ვალთან დაკავშირებული გადახდების დროულობას, დავალიანების ნაშთს, ხოლო სასამართლო/საარბიტრაჟო დავის არსებობის შემთხვევაში სასამართლო/საარბიტრაჟო სამართალწარმოების და სააღსრულებო წარმოების შედეგებს;
8.2.2. მისცეს თანხმობა სს „კრედიტინფო საქართველოს“, რომ გამსესხებლის მიერ სს „კრედიტინფო საქართველოსათვის“ მიწოდებული მსესხებლის მონაცემები სს „კრედიტინფო საქართველომ“ გადასცეს მესამე პირებს, იმ პირობით, რომ გამსესხებლის მიერ მიწოდებული მსესხებლის მონაცემების მიწოდება მოხდება იმ პირებისთვის, რომლებიც თავადაც აწვდიან სს „კრედიტინფო საქართველოს“ აღნიშნული ხასიათის მონაცემებს და რომელთაც გაფორმებული აქვთ შესაბამისი ხელშეკრულება სს „კრედიტინფო საქართველოსთან“;
8.2.3. მოიძიოს, მიიღოს და გამოიყენოს სს „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში არსებული მსესხებლის მონაცემები;
8.2.4. მსესხებლის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მესამე პირებს მსესხებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულების შედეგად გამსესხებლის უფლებების განხორციელების მიზნით, ან/და მსესხებლის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის მიზნით;
8.2.5. გადასცეს ან/და გაუმჟღავნოს გამსესხებლის ხელთ არსებული ინფორმაცია მსესხებლის შესახებ, მსესხებლის მიერ განხორციელებული ოპერაციების შესახებ მსესხებლის მიერ ნებადართულ პირებს, გამსესხებლის შვილობილ და მონათესავე საწარმოებს, გამსესხებლის მომწოდებლებს;
8.2.6. გამოიყენოს ინფორმაცია მსესხებლის მიერ სესხით სარგებლობის შესახებ და გადასცეს აღნიშნული ინფორმაცია გამსესხებლის შვილობილ, მონათესავე ან სხვა ნებისმიერ პირებს მათ მიერ სხვადასხვა მომსახურების შემოთავაზებების მიზნით. აღნიშნული ინფორმაცია გამსესხებლის მიერ მოპოვებული იქნება სხვადასხვა წყაროებიდან, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს მსესხებლის მიერ შევსებულ განაცხად(ებ)ს, მსესხებლის მიერ განხორციელებული ოპერაცი(ებ)იდან, გამოკითხვ(ებ)იდან და კვლევ(ებ)იდან (რომელიც მოიცავს მსესხებელთან დაკავშირებას ელექტრონული ფოსტით, ინტერნეტით, ტელეფონით ან სხვა საშუალებით), და ასევე სხვა გარე წყაროებიდან მიღებულ ინფორმაციას, რაც ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მოიცავს სავაჭრო და მომსახურების ობიექტებს და მარკეტინგულ ორგანიზაციებს;
8.3. გამსესხებლის მიერ წინამდებარე მუხლში აღნიშნული ინფორმაციის შენახვა მოხდება იმ ვადით, რომელიც შეესაბამება გამსესხებლის მიზნებს და ინტერესებს, მაგრამ არანაკლებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ვადებისა.
8.4. თუ მსესხებელი თვლის, რომ მსესხებლის შესახებ გამსესხებელთან არსებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს ან არ არის სრული, იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს გამსესხებელს აღნიშნულის შესახებ.
მუხლი 9. ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტა გამსესხებლის მიერ
9.1. გამსესხებელს უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება შემდეგ შემთხვევებში:
ა) მსესხებელი აგვიანებს მიმდონარე დავალიანების სრულად გადახდას 15 დღეზე მეტ ხანს;
ბ) გამსესხებელისათვის ცნობილი ხდება, რომ მსესხებლის მიმართ მიმდინარეობს სამართალწარმოება, რომლის შესაბამისად მსესხებელს შესაძლებელია დაეკისროს მატერიალური ხასიათის ვალდებულება, რომლის მოცულობაც აღემატება გაცემული სესხის თანხას, ან მსესხებელი მოხვდა მოვალეთა რეესტრში და მისი ვალი აღემატება სესხის თანხას ან/და მსესხებელი დაპატიმრებულია;
გ) გამსესხებლისათვის ცნობილი ხდება, რომ ხელშეკრულების დადებისას მსესხებელმა მას მიაწოდა არასწორი ინფორმაცია;
დ) მსესხებლი გახდა გადახდისუუნარო.
9.2. ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში მსესხებელი ვალდებულია პირველი მოთხოვნისთანავე გადაიხადოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა გადასახდელი თანხა, დარიცხული პროცენტისა და არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოსჩათვლით.
მუხლი 10. შეტყობინება
10.1. წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეტყობინება მსესხებელს შესაძლოა გაეგზავნოს:
ა) მის მიერ მითითებულ მისამართზე;
ბ) ელექტრონული ფოსტის მისამართზე;
გ) მობილურ ტელეფონზე მოკლე ტექსტური შეტყობინების (SMS) სახით.
10.2. მსესხებლის მიერ მითითებულ მისამართზე შეტყობინების ჩაბარება შესაძლებელია ყოველდღე, 09:00 სთ- დან 20:00 სთ-მდე. შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც ამ დროს შესაბამის მისამართზე არ იმყოფება არცერთი პირი ან პირი უარს აცხადებს შეტყობინების ჩაბარებაზე.
10.3. შეტყობინების ჩაბარების მიზნებისათვის უფლებამოსილ პირად ითვლება ნებისმიერი პირი მიუხედავად იმისა, წარმოადგენს ის თუ არა უშუალოდ მსესხებელს ან მისი ოჯახის წევრს. ამ პირისთვის შეტყობინების გადაცემა ითვლება მსესხებლისთვის შეტყობინების ჩაბარებად.
10.4. მსესხებელი,ყოველდღე, 09:00 სთ-დან 20:00 სთ-მდე, უზრუნველყოფს ელექტრონული ფოსტითა და მობილური ტელეფონის საშუალებით შეტყობინების მიღების შესაძლებლობას. შესაბამისად, ამ დროის განმავლობაში გაგზავნილი შეტყობინება ჩაბარებულად ითვლება გაგზავნის მომენტიდან.
10.5. 10.1 პუნქტით გათვალისწინებულ საშუალებებს შორის არჩევის უფლება აქვს გამსესხებელს. გამსესხებელი უფლებამოსილია შეტყობინების გაგზავნისათვის გამოიყენოს ერთ-ერთი, რამდენიმე ან ყველა საშუალება. ამასთან, ერთ-ერთი საშუალების გამოყენებით შეტყობინების ჩაბარება საკმარისია შესაბამისი სამართლებრივი შედეგის დადგომისათვის და მსესხებელი არ არის უფლებამოსილი დაეყრდნოს იმ ფაქტს, რომ გამსესხებელმა ჩაბარების მცდელობა არ განახორციელა რამდენჯერმე ან რამდენიმე თუ ყველა საშუალებით.
10.6. მსესხებელი ადასტურებს, რომ თანახმაა გამსესხებელთან ელექტრონული ფორმით სესხის ხელშეკრულების დადების შემდგომ მიიღოს ანგარიშსწორება და მიმოწერა ელექტრონულად, დოკუმენტაციაზე პირდაპირი მექანიკური გზით ხელმოწერის გარეშე. მსესხებელი ინფორმირებულია, რომ გამსესხებლის მიერ წარდგენილი ანგარიში ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მისი მიუღებლობა არ გულისხმობს სესხის თანხის, გადასახდელი პროცენტის და პირგასამტეხლოს გადაუხდელობას.
10.7. თუ იცვლება მსესხებლის მიერ მითითებული ანგარიში ან ხელშეკრულებაში მითითებული ნებისმიერი ინფორმაცია, მათ შორის საკონტაქტო მონაცემები, მსესხებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ გამსესხებელს და მიაწოდოს ყველა შეცვლილი ინფორმაცია. საკონტაქტო მონაცემების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევაში ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მსესხებლის საკონტაქტო მონაცემებზე გაგზავნილი შეტყობინება ჩაითვლება მსესხებლის მიერ მიღებულად.
10.8. 10.6 პუნქტით გათვალისწინებული, ასევე სხვა ნებისმიერი შეტყობინება გამსესხებლის მიერ მიღებულად ჩაითვლება, თუ ის შედგენილია წერილობით და ბარდება გამსესხებელს მისამართზე.
10.9. გამსესხებელს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს ამ მუხლით დადგენილი წესით შეტყობინებების გაგზავნისათვის საჭირო ხარჯების ანაზღაურება.
მუხლი 11. უფლებამონაცვლეობა
11.1. გამსესხებელი უფლებამოსილია, მსესხებლის თანხმობის გარეშე, ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს სხვა პირს.
11.2. მსესხებელი, გამსესხებლის წერილობითი თანხმობის გარეშე, არ არის უფლებამოსილი ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.
11.3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა უფლება-მოვალეობა ვრცელდება ორივე მხარის უფლებამონაცვლეებზე.
მუხლი 12. დავების გადაწყვეტა
ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა დავა გადაიჭრება ურთიერთშეთანხმებით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოსადმი მიმართვის გზით. ამასთან, ოფერტის გაკეთებითა და გამსესხებლის პირობებზე დათანხმებით მხარეები თანხმდებიან, რომ დავის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლო იქნება უპირობოდ განსჯადი, რომლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის I პრიმა პუნქტის თანახმად მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად
მუხლი 13. სხვა პირობები
13.1. ხელშეკრულება ძალაში შედის გამსესხებლის აქცეპტისა და სესხის თანხის მსესხებლის ანგარიშზე გადარიცხვის მომენტიდან და მოქმედებს მსესხებლის მიერ ხელშეკრულებით კაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
13.2. მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების დარღვევით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ აღნიშნული გამოწვეულია ფორსმაჟორით.
13.3. ფორსმაჟორი არის მოცემულ შემთხვევაში აუცდენელი და უძლეველი ძალა, რომელიც დგება მხარეთა ნებისგან დამოუკიდებლად და ატარებს წინასწარ გაუთვალისწინებელ ხასიათს, მათ შორის მიწისძვრა, წყალდიდობა, ხანძარი, ომი, აგრეთვე სხვა გარემოება, რომელიც შეუძლებელს ხდის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ან იწვევს არათანაზომიერად დიდ ხარჯებს მათ შესასრულებლად.
13.4. თუ ერთ-ერთი მხარე ფორსმაჟორის გამო ვერ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, იგი ვალდებულია გონივრულ ვადაში აცნობოს მეორე მხარეს მათი დადგომის ან/და დასრულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, შესაბამისი მხარე არ გათავისუფლდება ნაკისრი ვალდებულებებისაგან.
13.5. მხარეთა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები განახლდება ფორსმაჟორის მოქმედების დასრულებისთანავე.
13.6. ხელშეკრულების მუხლებს აქვთ სათაურები ხელშეკრულების ტექსტით სარგებლობის გასაადვილებლად და ეს სათაურები მხედველობაში არ მიიღებიან ხელშეკრულების რაიმე დებულების განმსაზღვრელად, შემცვლელად ან განმმარტავად.
13.7. ერთ-ერთი მხარის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რომელიმე უფლების გამოუყენებლობა არ წარმოადგენს ასეთი უფლების უარყოფას.
13.8. გამსესხებელი უფლებამოსილია, არ განახორციელოს ან შეწყვიტოს ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოსდარიცხვა, ან ნაწილობრივ დაარიცხოს პირგასამტეხლო, რის შესახებაც გადაწყვეტილებას გამსესხებელი იღებს ცალმხრივად.
13.9. წინამდებარე ხელშეკრულების ვალდებულების შესრულების ადგილია საქართველო, ქ.თბილისი.
13.10. ხელშეკრულებით გაუთვალისწინებელი ურთიერთობანი მხარეთა შორის რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
13.11. ეს ხელშეკრულება ძალაშია 2017 წლის 15 იანვრიდან, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით.
13.12. ეს ხელშეკრულება არ ვრცელდება 2017 წლის 15 იანვრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე. 2017 წლის 15 იანვრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე ვრცელდება 2017 წლის 15 იანვრამდე არსებული ხელშეკრულება. იხილეთ ძველი ხელშეკრულება ამ ბმულზე